გლდანში მომხდარი სროლის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

გლდანში მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.  განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია არიან 37 და 42 წლის მამაკაცები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე, რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.

სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები.

შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები