ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.

„აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო, პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ კოვიდსასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა. ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც. ვფიქრობ, კლინიკების ხელმძღვანელების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები