ვარაზისხევის შემდეგ, ქვაფენილს ყოფილი ლესელიძის ქუჩაზეც აყრიან – დავით მესხიშვილი 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, თბილისში, ვარაზისხევზე, ქვაფენილის აყრას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვარაზისხევზე ასფალტის დაგება, გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, ქვაფენილის აყრით ქალაქის ეს ნაწილი ძველ იერსახეს დაკარგავს.

“ვარაზისხევში ქვაფენილი დახლოებით 70 წლის წინ დააგეს და ახლა მას ისტორიული ფასიც დაედო. გარდა იერსახისა მას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. თავსხმა წვიმების დროს, ვარაზისხევისათვის ნიაღვარი უცხო სულაც არ არის, ქვაფენილი კი ერთგვარი შემაკავებელია წყლის ჩამოდინების პროცესში, ამ დროს ქვებს შორის არსებული ღარები დრენაჟის ფუნქციას ასრულებს. მისი არარსებობის შემთხვევაში გმირთა მოედანი კიდევ უფრო სწრაფად დაიტბორება. ეფექტიანია ზამთარშიც, თოვლისა და ყინვის დროს. ქვაფენილიანი ქუჩები ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი იყო, ისევე როგორც ძველი ევროპული ქალაქებისათვის. ზუსტად ეს სიძველე ხიბლავთ ტურისტებს ჩვენ ქალაქში და არა ასფალტი”, – წერს დავით მესხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და არ გამორიცხავს, რომ ვარაზისხევის შემდეგ, ქვაფენილს უკვე ყოფილი ლესელიძის, ამჟამად კოტე აფხაზის ქუჩაზეც აყრიან.

მესხიშვილი თბილისის მერიას ურჩევს, ხმაურის პრობლემის მოგვარება თუ სურთ, არსებობს ნაკლებად ხმაურიანი ქვაფენილი, რომლის დაგებაც შესაძლებელია.

დავით მესხიშვილის თქმით, თბილისის ქვაფენილებს ბრძოლა ჯერ კიდევ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ გამოუცხადა, მაშინ, როდესაც, ევროპის ქალაქებში, ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად და პრაქტიკული დანიშნულებისთვის, ქუჩებში ქვაფენილის შენარჩუნებას ცდილობენ.

მისი აზრით, ვარაზისხევის მსგავს ქუჩებს თბილისში, ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ვარაზისხევის მოპირკეთება შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული ახალი ქვებით (თუნდაც მოზაიკური დიზაინით), რომელსაც მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს, პარალელურად ტროტუარებზე განთავსდეს ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ლამპიონები, უნივერსიტეტის შესასვლელი კი განსაკუთრებულად ლამაზად მოეწყოს და განათდეს.

“როცა მანქანის “ხადავოი” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თბილისი! როდესაც ძველ სახლებზე, როგორც ძეგლებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება რომ ეს სახლები იმდროინდელი დიზაინით მოწყობილი ლამაზი ქუჩების გარეშე თითქმის წარმოუდგენელი. და ერთი რომელიმეს შეცვლამაც კი, შეიძლება მთელი არქიტექტურული კომპლექსი დაარღვიოს. ჩემი აზრით ასეთ ქუჩებსაც ძეგლის სტატუსი უნდა ჰქონდეთ მინიჭებული და მათი დიზაინის ხელაღებით განადგურება ისტორიის უგულებელყოფით დაუშვებელია”, – წერს დავით მესხიშვილი.

მისი აზრით, ფიქრის გორის მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. ისინი ფიქრობენ რომ ასფალტი არის ეკოლოგიურად სუფთა და გარემოს არ აბინძურებს. “საინტერესოა, იგივე მოსახლეობა რატომ არ აპროტესტებს ფიქრის გორაზე მიმდინარე სულისშემხუთველ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, რომლებმაც იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახადა. ამის გამო, მუდმივად საცობი და ბუღია ფიქრის გორის ქუჩებზე, სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ცხვირწინ კორპუსები აგაფარეს, ჰაერი გადაგიკეტეს და ეს არ შეგიმჩნევიათ და ვარაზისხევის ქვაფენილი გახდა პრობლემა? შესაძლოა ახალ კორპუსში შესახლდით უკვე და 70-წლიანი ვარაზისხევი ახლაღა გეხამუშათ, გეუცხოვათ?!

ბევრგან კომენტარებში ამოვიკითხე: “ვაშა რა კარგია, ამოისუნთქებს ჩემი მანქანა”, “მოვკვდი ხადავშიკთან სიარულით”, “ხადავოი დამინგრია”. კი მაგრამ, მაშინ სად ხართ ხოლმე როცა თავღია ჭებში და ორმოებში ცვივა ავტომობილები და მართლა ინგრევა?! ეს არ გაშფოთებთ?! ვარაზისხევმა დაგინგრიათ ავტომობილები? გადააგდეთ მაშინ, რამეს მოგწევთ ასეთი მანქანა თუ ერთ ჩვეულებრივ ქვაფენილსაც ვერ უძლებს. თქვენი მანქანის “ხადავოის”მიხედვით უნდა მოეწყოს ეს ქალაქი? რა “ხადავოი” რის “ხადავოი” ხალხო, ქალაქის ისტორიაზე და მის იერსახეზეა საუბარი. ასე, საკუთარი თავიდან ყველაფერზე ფიქრი როგორ შეიძლება? პატარა ვარაზისხევს გაუნადგურებია თურმე ჩვენი ავტოპარკი და თან დავუწამლივართ! სირცხვილია!

თბილისის მერიავ, მორჩი ამ გაურკვეველ თამაშს და ახლა როცა ქვაფენილი უკვე აყრილია ჩვენ ნუღარ გვეკითხები რა ვქნაო! ვეჭვობ, შემდეგი კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაა”, – წერს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე​, დავით მესხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები