“ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, ის მალე გამოჩნდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საქართველოში გრიპის სეზონი ძირითადად დგება ნოემბრის მეორე ნახევარში ან ნოემბრის ბოლოს.

„ჩვენ ოქტომბრიდან მონიტორინგს ვუწევთ ქვეყანაში გრიპის და სხვა რესპირატორული ვირუსების ცირკულაციას. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის მალე გამოჩნდება და თანდათან გვექნება ზედდება გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა დაცული იყოს გრიპის გამწვავებებისგან. განსხვავებით კორონავირუსული ინფექციისგან, არსებობს ეფექტური ვაქცინა გრიპის საწინააღმდეგოდ, რომელიც უფრო მძლავრი დაცვის საშუალებაა იმ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ კორონავირუსული ინფექციის დროს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე საზოგადოების მომართვა მაღალი არ არის.

„ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას გრიპის საწინააღმდეგოდ. საქართველოში შეძენილია 2.5-ჯერ მეტი ვაქცინა, ვიდრე შარშან. უკვე 2 კვირაზე მეტია რაც მაღალ რისკ ჯგუფებს უტარდებათ ვაქცინა, თუმცა, სამწუხაროდ, მიმართვიანობა არც ისე მაღალია. პირველი 25 ათასი დოზა 2 კვირის წინ განაწილდა პოლიკლინიკებში და დღევანდელი რიცხვით აცრილია 14 ათასი ადამიანი, რაც ძალიან მცირეა. გრიპის ვაქცინა ძირითადად განსაზღვრულია მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. ესენი გახლავთ ორსულები, ბაგა-ბაღების აღმზრდელები, მოხუცთა სახლში მყოფი ადამიანები და მათი მომვლელები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და მათ მომვლელები, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი. დიდი ჩამონათვალია, ვისაც სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ ეკუთვნის ვაქცინაცია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები