“პარლამენტის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს საზოგადოება, ხალხი, ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება პარლამენტის შეკრებას და მუშაობის დაწყებას, გარწმუნებთ, რომ ამას არავითარი პრობლემა არ შეექმნება,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შევა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ეს არ განსაზღვრავს არჩევნების ლეგიტიმურობას, რადგან საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ხოლო პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თითქმის იდენტურია.

„გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების პარალელური დათვლის შედეგები, სადაც მთელმა საზოგადოებამ ნახეთ, რომ ობიექტური დათვლებით და პარალელური დაკვირვების შედეგად, ცდომილება არის პრაქტიკულად მინიმალური, ის არსებით გავლენას ვერ ახდენს საბოლოო შედეგებზე. საერთაშორისო საზოგადოებასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად სამოქალაქო სექტორი და სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ასევე აქვეყნებენ პრაქტიკულად იგივე შედეგებს, რაც ცესკოს ვებ-გვერდზე არის მოცემული, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა არის ასახული საარჩევნო შედეგებში.

რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის დაანონსებულ აქციას, ჩვენ წინასწარ ვამბომბდით, რომ მათი მიზანი არ არის ამ არჩევნებში პოზიტიურად და კონსტრუქციულად მონაწილეობა, არამედ მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას უნდობლობა. მოგეხსენებათ, მათ წინასწარაც ჰქონდათ აქტივობები, რომლითაც ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას და ახლაც ამ შეკრების დაანონსება არის უნდობლობა, ოღონდ უნდობლობა საკუთარი საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ, ვინც გააკეთა დემოკრატიული არჩევანი. ეს შედეგები არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციკს რომელიმე წარმომადგენლის. ეს შედეგები გახლავთ ჩვენი საზოგადოების არჩევანი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვუერთდები ჩვენი საერთაშორისო პატრნიორების მოწოდებას, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას და ოფიციალურ შედეგებს, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. პარლამენტის ლეგიტიმურობას არ განსაზღვრავს მისი შედეგების აღიარება. თქვენ ზუსტად 10 წუთის წინ მოისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების ეუთო/ოდირის დასკვნები, მათ თქვეს პირდაპირ, რომ საქართველომ ჩაატარა კონკურენტული არჩევნები, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება გახლავთ დაცული. იყო პარტნიორების და ელჩების განცხადებები, სადაც თქვეს და პირდაპირ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი ვცეთ ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს ცალკე აღებული რომელიმე პარტიისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები