“ყველანი ოთხ საათზე რუსთაველის გამზირზე, გამოსავალს ვხედავ ბრძოლაში” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მოქალაქეებს დღეს, ოთხ საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

მელიას თქმით, არჩევნები მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლაა.

„დღეს ყველანი ოთხ საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე. ყველამ ვნახეთ ის, რაც იკადრა ამ ადამიანმა, არ მინდა, სახელი და გვარის დასახელება. შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყო ამ არანორმალურმა დანაშაულებებმა. ვერ ვადევნე თვალყური, როგორ ტარდებოდა არჩევნები ყველა ოლქში, მე გლდანში მქონდა ომი, თუ ამას ომი ერქვა, სადაც ჯგუფურად, ორგანიზებულად თავს ესხმოდნენ საარჩევნო უბნებს, იტაცებდნენ დამკვირვებლებს შეიარაღებულები.

ხალხო, ეს ვერ შერჩებათ, გამორიცხული ამბავია. ეს არის ზღვარი, რომლის იქეთაც ან ღირსების სამუდამოდ შელახვაა ან ღირსების აღდგენის შესაძლებლობაა. ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი, დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ყველაფერი სიყალბე იქნება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ვინმეს შერჩება. ყველაფერი იქნება სიყალბე, ვითომ პოლიტიკას აკეთებს რომელიმე პოლიტიკოსი, ვითომ პარლამენტში მივა და სიტყვას წარმოთქვამს, ვითომ სიტყვით გამოვა მიტინგზე, ვითომ პოლიტიკაში არის და მარჯვენა ხელით გირტყამს, ამას უნდა შევეგუოთ?

ყველანი ოთხ საათზე რუსთაველის გამზირზე, გამოსავალს ვხედავ ბრძოლაში, თქვენ გინდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? დარწმუნებული ვარ, არ გინდათ, შავზე გითხრათ თეთრიაო, არ გინდათ, იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაგცინით ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ფული აქვს. გამოსავალია მხოლოდ ბრძოლა, ბრძოლა გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები