„ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი” – ირაკლი კობახიძე

„ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, გვაქვს დასაბუთებული მოლოდინი, რომ მანდატები 92-მდე გაიზრდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დათვლილი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“  გარანტირებული 76 მანდატი უკვე აქვს, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა.

„დათვლილია უკვე 7 ათასზე მეტი უბნის მონაცემი. ამ მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ შედეგი ამ ეტაპზე არის 48, 36 პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით, იმ პარტიების გამოკლებით, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, „ქართული ოცნების“ შედეგი იქნებოდა 52 პროცენტი, მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც აღსანიშნავია. რაც შეეხება ფორმულას,  პროპორციული სისტემით, იმ მონაცამებით, რაც დღეს არის დადებული ცესკო-ს საიტზე, ეს არის სამი ათასზე მეტი უბნის მონაცემი, რაც სავარაუდოდ აღარ შეიცვლება, „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს პროპორციული წესით 62 მანდატი.

გარდა ამისა, დათვლილია უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები და ამ მონაცემებით შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ, 24 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. დანარჩენ შემთხვევებში გრძელდება დათვლა. არის შემთხვევები, სადაც უკვე გარანტირებულია მეორე ტური, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლებელია პირველ ტურში არჩევნების დასრულება. მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად 76 მანდატი აქვს უკვე გარანტირებული იმ მონაცემებით, რომელიც დათვლილია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და ხედავთ, რომ ეს მანდატები მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში. ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები