“ეს ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევენ” – კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კალაძის თქმით,  გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო.

“ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში.

დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. თუმცა ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და ვერც მომავალში მიაღწევენ.

აღსანიშნავია ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ მხარდამჭერს. 

ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ ჩვენი აგიტატორების მუშაობა წარმოაჩინონ კანონდარღვევად. მივმართავ მათ, რომ გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აკეთებდით.

ასევე სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეო-გადაღება,” – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები