საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან, მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მემორანდუმი, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ურთიერთქმედების საფუძველზე ითვალისწინებს სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობას, საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში დიასპორის და უცხოეთში მცხოვრები ქართველების აქტიურ მონაწილეობას და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას.

„ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო ინტერნეტპლატფორმა ქართული კულტურის და ენის ანიმაციური სასწავლო-შემეცნებითი კურსით, განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. აქამდე სამინისტროში არსებული „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამა მოიცავდა შედარებით უფროსი – სკოლის ასაკის ბავშვებს.

ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობით, საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ქართული ენის სწავლების მიზნით შექმნილი ანიმაციური პროგრამით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები