“ოკუპაცია დიდი უსამართლობაა, ჩემი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის“  – ანგელა მერკელი 

„ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით” –  ასეთია ანგელა მერკელის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ანგელა მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას „დიდ უსამართლობას“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე რუსეთის პრეზიდენტს  ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად“ – განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა.

 

 

 

მსგავსი თემები