ჯგუფური ყაჩაღობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ბათუმისკენ მიმავალ მსუბუქ ავტომობილზე ყაჩაღურ თავდასხმასა და დიდი ოდენობით თანხის გატაცებაში ბრალდებულ, აზერბაიჯანის მოქალაქეებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

​​ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აზერბაიჯანის მოქალაქე – ჰ.ა და რ.ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე.

2017 წლის 30 ნოემბერს, ბათუმში მიმავალ “ბე-ემ-ვე – X5” მოდელის ავტომობილს, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღურად დაესხა დამნაშავეთა ჯგუფი. მათ პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში მიიყვანეს. გაიტაცეს ხელჩანთა, რომელშიც 70 000 აშშ დოლარი იყო მოთავსებული,  ძვირადღირებული მობილური ტელეფონები, დაზარალებულის კუთვნილ 700 ლარი, 200 აშშ დოლარი, 40 თურქული ლირა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირადი ნივთები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროკურატურაში განუმარტეს,  დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ, დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად, იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა.

 

მსგავსი თემები