„სიტუაცია არ არის მარტივი….  სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და არსებული სიტუაცია არ არის მარტივი.   

„ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. ეს არის მეორე ტალღა ყველგან და მათ შორის, ჩვენთანაც. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება ოთხნიშნა რიცხვია უკვე, ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია. დაახლოებით თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას,“ – განცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მართვაში გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა, სისტემა დატვირთვას უძლებს.

„რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს, ან გარკვეული შემთხვევები, სადაც უკმაყოფილება არის, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ. გარკვეულწილად შემიძლია ვთქვა, რომ ოდნავ არის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა. ალბათ, თქვენც ამჩნევთ ქუჩებში, შენობებში, რომ კულტურა პირბადის გამოყენების საკმაოდ გაიზარდა. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას“ – აღნიშნა გამყრელიძემ.  

მსგავსი თემები