“რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული” – ირაკლი კობახიძე

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემი,“ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით ოპოზიცია არჩევენებზე მარცხს ელოდება:

„აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს. გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელტა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები