“უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ნიღბის, სოციალური დისტანციის და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობას.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა იზრუნონ ერთმანეთზე, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებზე, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. 

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ნიღბის ტარება. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 90% ატარებს ნიღაბს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება.

გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური მეთოდი ვერ აღმოაჩინა, ვიდრე არის ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, რომლებიც არიან რისკის ჯგუფში,”- განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი თემები