“სირცხვილია, როდესაც გასათავისუფლებელია 19 ადამიანი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი კი პრემიერ-მინისტრს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება” – ირაკლი კობახიძე

“სირცხვილია, როდესაც გასათავისუფლებელია 19 ადამიანი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი კი პრემიერ-მინისტრს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებში პრობლემა მხოლოდ მედიასაშუალებების ქმედებებშია თუ არა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები.

„საზოგადოებამ დაინახა, რაში გამოიხატებოდა პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. დღეს ეს არ არის მთავარი. მთავარია, მძევლების სწრაფი გათავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება იყო. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია.

რაც შეეხება მედია საშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა, ამას გეუბნებით, როგორც იურისტი. გეტყვით, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა რა არის – როცა ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანი გასათავისუფლებელია, თქვენი ჟურნალისტი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრ გახარიასთან მიდის და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

მსგავსი თემები