“ეს არის საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში” – გიორგი გახარია

“ეს ქველმოქმედების აქტი არის ყველაზე ღირსეული ნაბიჯი. ეს არის საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტს როდესაც უყურებს, მადლიერების გრძნობით ივსება”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პროექტის განხორციელებისთვის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ინოვაცია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელმაც ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს. განსაკუთრებით, ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ქუთაისის​საერთაშორისო უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რაშიც ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გარკვეული პრობლემა გვქონდა. ეს არის საერთაშორისო დონის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მან პირველკურსელებს კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი თემები