„ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში“ – გიორგი გახარია

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას.

პრემიერ – მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი საათით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა.

„მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველანი შევეჯახეთ რაც ვირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებით ეკონომიკურ კრიზისს ეხება, არც ერთი დღით, არც ერთი საათით ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორი გზები გვექნება, როგორი იქნება ჩვენი წყალმომარაგების სისტემა, როგორი იქნება გაზიფიცირება, როგორი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები და ა.შ“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ბორჯომში, ბაკურიანში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ჰქონდეს შესაძლებლობა – ელემენტარული სახელმწიფო სერვისები, რომ მიიღოს ადგილზე.

მსგავსი თემები