” სრული მზადყოფნაა, რომ თბილისში ბავშვები ბაღებში მივიდნენ, ხვალ მხოლოდ რამდენიმე ბაღი არ გაიხსნება” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი განახლდება.

კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ არსებობს სრული მზადყოფნა, რათა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდეს.

„თბილისის ბაღებს რაც შეეხება, სრული მზადყოფნა არის იმისთვის, რომ დაიწყონ ფუნქციონირება. ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის, რათა ბავშვები მივიდნენ საბავშვო ბაღებში.

რამდენიმე, 3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. ორშაბათს არის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე პრობლემა ექნება ვირუსთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად, წერტილოვნად მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები