“მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის აკაკი ქვრივიშვილის ჩვენებით ირკვევა, თუ როგორ დაიგეგმა “ნაძალადეველების” მცხეთაში დაბრუნება “ტოიოტა ქამრით” ბეჟანიშვილის ქუჩაზე. 

“მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი” – ნათქვამია ჩვენებაში.

ამასთან, ირკვევა, რომ მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი.

“ჩვენი შეკრების და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ მისი წინადადება იყო ჩავსულიყავით მეგობრების ჩამოსაყვანად მცხეთაში და მან მოიკითხა მართვის მოწმობა და ფხიზელი მძღოლი და სწორედ მისი ავტომანქანით წავედით. ასევე ყველა ჩვენთაგანს იგივე სურვილი და მიზანი გვქონდა. თუმცა ამ ფაქტს არანაირი ორგანიზება არ სჭირდებოდა ვინაიდან ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩარჩენილები მცხეთაში და უნდა მომხდარიყო მათი ჩამოყვანა,” – ყვება ქვრივიშვილი ჩვენებაში.

ბრალდებულის თქმით, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია.

“გიორგი შაქარაშვილის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიით, რომ იგი იყო გაუჩინარებული. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი არ გამიგია არავისგან,” – ნათქვამია ჩვენებაში. 

მსგავსი თემები