“აჭარაში ვხედავთ ეპიდემიის ლოკალიზებულ გავრცელებას” – მინისტრის მოადგილე

„აჭარაში ვირუსის დრამატული და გეომეტრიული პროგრესით გავრცელება არ ხდება“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარაში სტაბილიზაციას ვარაუდობს.

„გასულ კვირას ვიყავი აჭარაში ექიმების ჯგუფთან ერთად.  აქცენტი მეტია აჭარაში, რადგანაც შემთხვევების ყველაზე დიდი ოდენობა არის აჭარაში. დღეს, ბათუმში ვხედავთ ეპიდემიის ლოკალიზებულ გავრცელებას, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ გვქონდეს ეპიდემიის სტაბილიზების იმედი. ეპიდემიის გაფანტული გავრცელება მეტად რთული იქნებოდა“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას თქმით, რეალური სურათი ერთ კვირაში გამოიკვეთება – მივდივართ მატებისკენ თუ შეკავებისკენ.   

„ველოდებით, რომ ერთ კვირაში ეფექტს დავინახავთ. რამდენიმე დღეში გამოიკვეთება სრული სურათი, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს აჭარაში. გამოჩნდება რამდენად მოხერხდა სტაბილიზირება. ნიშნები, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ, არის. კარგი იქნება, თუ შეკავებას მოვახერხებთ და ზრდა არ გვექნება, დაღმა სვლაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი“ – ამბობს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის, აჭარაში ვირუსის გავრცელება ყველაზე მაღალია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს,  ლეტალობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიან საქართველოში.

მსგავსი თემები