ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული ავიარეისების მიღებას ანახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება.

„ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air), პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას – ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მსგავსი თემები