“სომხურმა დიპლომატიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურმა დიპლომატიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ოფიციალურმა ერევანმა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცა ის, რომ თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გადასროლა ხდება.

„საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემი დაქირავებული ტერორისტების დახმარებით არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ იბრძვიან. შესაბამისად, არცახის წინა ხაზი ცივილიზებული მსოფლიოს წინა ხაზი ხდება. არცახი საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა.

„მთიან ყარაბაღში რთული მდგომარეობაა. ჩვენ მოვიპოვეთ სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯიჰადისტური დაჯგუფებების არაერთმა წევრმა სირია დატოვა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეუერთდა“, – განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. 

მსგავსი თემები