ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

„ადგილზე ექვს წუთში იყო გამოცხადებული სახანძრო და სამაშველო ცისტერნები. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელების საფრთხე. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით დარჩება სახანძრო ავტოცისტერნები“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.

„ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე. დაახლოებით 40 წუთში ხანძარი იყო ლოკალიზებული, შემდეგ მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა.

მსგავსი თემები