“ქვებით და ხელკეტებით შეიარაღებულები ჩვენს აქტივისტებს ფიზიკურად საშინლად გაუსწორდნენ” – “ქართული ოცნების” ბოლნისის საარჩევნო შტაბის უფროსი

ბოლნისში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ამ დრომდე, კლინიკაში რჩება ერთი დაზარალებული, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტია. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

“პაციენტს აღენიშნება თავის არეში ჭრილობა. ჩაუტარდა სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის. ის თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას. ღია ჭრილობაა თავის არეში, ბლაგვი საგნითაა მიყენებული,”- აცხადებს ექიმი. 

თვითმხილველის, ლევან ფუქჩიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. 

“მანქანები მოდიოდნენ და რომ გვიახლოვდებოდნენ, სიჩქარეს უმატებდნენ და პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. შევედით საჩაიეში და იქ ჩემს ზურგს უკან ჩოჩქოლი ატყდა, ზურგს უკან, რაღაც მომხვდა ბეჭში, ოღონდ არ ვიცი რა იყო,”-განაცხადა მან. 

“ქართული ოცნების” ბოლნისის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი მირიანაშვილის განცხადებით, მომხდარი “ქართული ოცნების” აქტივისტებში შიშის დანერგვას ემსახურება. 

“ჩვენმა აქტივმა გადმოინაცვლა ადგილობრივი შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოხდა ხელკეტებით შეიარაღებული 30-40 კაცისგან შემდგარი ჯგუფის წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ქვებით და ხელკეტებით შეიარაღებულები ჩვენს აქტივისტებს ფიზიკურად საშინლად გაუსწორდნენ. გვყავს დაშავებულები, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ასეთი მოქმედება არის შიშის დანერგვა ჩვენს აქტივისტებში, ეს მცდელობები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს,”-განაცხადა გიორგი მირიანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა. დაპირისპირება ჩაიხანაში დაიწყო, სადაც შევიდა “ქართული ოცნების” 16 მხარდამჭერიდან ნაწილი, რომლებიც მანამდე სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა. იყო შელაპარაკება და მცირე ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც მმართველი პარტიის აქტივისტებმა იქვე მდებარე “ქართული ოცნების” შტაბთან გადაინაცვლეს. “ოცნების” მხარდამჭერების ინფორმაციით, სწორედ აქ მოხდა მათზე თავდასხმაც და “ნაციონალური მოძრაობის” ხელკეტებით შეიარაღებული, დაახლოებით, 30 აქტივისტი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი თემები