კორონავირუსი სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მყოფ პაციენტს დაუდასტურდა

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნება, ასევე სამჯერ აქვს გადატანილი ინსულტი.

„ეს არის ქრონიკული პაციენტი, დატვირთული ანამნეზით, რომელსაც სამჯერ აქვს ინსულტი გადატანილი, ასევე შაქრიანი დიაბეტი, თირკმელებისა და გულის უკმარისობა და დემენცია. პაციენტი ჩვენთან შემოვიდა გულისრევით. რა თქმა უნდა, ჩატარდა კვლები და დადგინდა პნევმონია. პრევენციის მიზნით, პაციენტი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა ბოქსირებულ განყოფილებაში და გავგზავნეთ ნიმუში „პისიარ“ ტესტირებისთვის, რომლის პასუხიც დადებითი მოვიდა. რაც შეეხება მედპერსონალის თვითიზოლაციაში გადაყვანის საკითხს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პაციენტთან იმყოფებოდნენ დაცულები და აღჭურვილები, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, – განაცხადა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა.

მსგავსი თემები