რა საფრთხეს უქმნის წითელა ორსულებსა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს 

2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში დაავადება წითელას 447 შემთხვევა დაფიქსირდა. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება. თუმცა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად იმატა დაავადების შემთხვევებმა უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

​როგორც „მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, წითელა ყველა ასაკში საშიშია და მისი გამომწვევი ვირუსი ძალიან მარტივად ვრცელდება. ხველების ან ცემინების დროს ჰაერში იფრქვევა და იწვევს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას.

ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომები 7-18 დღეში ვლინდება. მას ახასიათებს ტემპერატურის მომატება, რომელსაც თან ახლავს – ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი.
​თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.

მათივე ინფორმაციით, წითელა სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებად ითვლება. ის განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისა და  ბავშვებისათვის. წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა: ყურისა და ფილტვების ანთება, დიარეა, თავის ტვინის ანთება და სიკვდილი.

​მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი წითელაზე ვაქცინირებულია, შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება. ისევე, როგორც ევროპაში, საქართველოშიც წითელას შემთხვევების მატება 2017 წლის ბოლოდან ლოკალური ეპიდაფეთქებების სახით დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განვითარებულ ქვეყნებში, წითელას 1000 შემთხვევიდან 1 სიკვდილით მთავრდება. განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი – 1000-დან საშუალოდ 30-60 შემთხვევა. მათივე თქმით, წითელასგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც 1 და 5 წლის ასაკში ტარდება. გარდა აღნიშნულისა, თუ დედას  წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ აქვს, მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი დაუცველი რჩება.

„12 და მეტი თვის ასაკში აცრის შემთხვევაში, წითელას ვაქცინის ეფექტიანობა 95% აღწევს, ანუ იმუნიტეტი გამომუშავდება აცრილთა 95%-ში.  უფრო ადრეულ ასაკში, ვაქცინის ეფექტიანობა შედარებით დაბალია, რადგან ჩვილის ორგანიზმში ჯერ კიდევ არის დედისაგან მიღებული ანტისხეულები, რომლებსაც წითელას ვაქცინის ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, დედისეული ანტისხეულების დონე ჩვეულებრივ საკმარისია წითელასგან ბავშვის დასაცავად. თუ ქალი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი და ორსულობის დროს დაავადდა, ეს შეიძლება გახდეს თვითნებური აბორტის, მკვდრადშობადობის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზი. ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა, თუმცა ვაქცინით აცრა ორსულობის პერიოდში უკუჩვენებაა. ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ ორსულ ქალებსა და  მათ, ვისაც დაგეგმილი აქვს ორსულობა“, – განუცხადეს „მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

 

მსგავსი თემები