სეპარირებული ურნები თბილისის ქუჩებში წლის ბოლოდან გამოჩნდება

ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემის დასანერგად, სექტემბრიდან თბილისში, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ​სეპარაციის სტენდების განთავსდება, ხოლო სეპარირებული ურნები დედაქალაქში წლის ბოლოდან გამოჩნდება.

ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში.

“თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც მანამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისი პირველად იწყებს ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას, რაც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს ემყარება.
​მისივე თქმით, ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ასეთი მიდგომა არამარტო ზოგადად გარემოს დაიცავს, არამედ, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას.

მსგავსი თემები