გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.

ლ.შ-ს ადვოკატ როსტომ კერესელიძის თქმით, პროცესზე შესაძლოა, ის მოწმეები დაკითხონ, რომლებიც საქმეში დაზარალებულებად არიან ცნობილები. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ საქმის ექსპერტები და პოლიციელებიც დაკითხოს.

„მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დასაკითხები არიან პოლიციელები და ექსპერტები, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს, ასევე ის მთავარი მოწმეები, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არიან წარმოდგენილები“,- განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატის, დალი იმერლიშვილის განცხადებით, დღემდე დაკითხული მოწმეებიდან, არც ერთს არ მიუცია ისეთი ჩვენება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებდა.

„მიმდინარეობდა რა პროცესები, 60 მოწმიდან დაიკითხა 24 მოწმე. ამ მოწმეებიდან არც ერთს არ მიუცია სასამართლოსთვის ისეთი ჩვენება, რომელიც გამამტყუნებელი იქნებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის. მნიშვნელოვანმა მოწმეებმა დაადასტურეს მხოლოდ ფაქტი, რომ ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას და ცემას, მაგრამ არ დაუსახელებიათ, კონკრეტულად ვინ ახორციელებდა ამ მოქმედებას. ვფიქრობთ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მოწმეები, მათ შორის არის ინფორმაცია, რომ შეიძლება წარმოდგენილი იყოს მოწმე ამირხანაშვილი და სხვა თვითმხილველი მოწმეები. თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“,-  განაცხადა ადვოკატმა დალი იმერლიშვილმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები