სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი “ქართულ ოცნებაში” განხეთქილების მიზეზი არ იქნება – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრ ბექა ნაცვლიშვილის აზრით, პარტია “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მმართველ გუნდში სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნება” დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი პარტიაა და უბრალოდ საჭიროა, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის პროგრამული არჩევნები, ეს არის პიროვნების არჩევნები და ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ქვეყნის მორალური სახე.

“უმრავლესობა არის სხვა და პარტია “ქართული ოცნება” სხვა. განხეთქილებას პარტიაში ვერ ვხედავ, ყველას აქვს თავისი პოზიცია, მაგრამ ყველა შეჯერდება ერთ პოზიციაზე, დარწმუნებული იყავით.  სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი არ არის იმ მასშტაბის საკითხი, რომ სამუდამოდ გახლიჩოს პარტია”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მთავარში“.

ბექა ნაცვლიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის არის საჭირო და აცხადებს, რომ დემოკრატიული სივრცეების ხელოვნურად გაჩენა დემოკრატია არ არის.

“დემოკრატიის ცნება ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ზოგს ჰგონია, რომ არჩევნები თუ იმართება ეს არის დემოკრატია, მე უფრო ფართოდ მესმის დემოკრატიის ცნება. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის პროგრამული არჩევნები, ეს არის პიროვნების არჩევნები. პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მორალური ავტორიტეტი. მისი უფლებამოსილება აღმსარულებელი თუ კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით მინიმალურია, აქედან გამომდინარე პიროვნებებზე იქნება დაფუძნებული ვინ იქნება ამ ქვეყნის მორალური სახე”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები