დღეიდან პარლამენტში მუშაობა საშემოდგომო სესიით განახლდება

დღეიდან პარლამენტი მუშაობას საშემოდგომო სესიით განაახლებს. ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებამდე დეპუტატთა მუშაობის მოკლევადიანი პერიოდი, რის შემდეგაც მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დაასრულებს.

სესიაზე კანონმდებლები ძველ და ახალ კანონპროექტებზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამოქმედდება.

უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი თქმით, ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე დარჩება და დანაშაულისთვის არავინ დაისჯება.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” ოცნების ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

“ქართულმა ოცნებამ” შემოგვთავაზა საარჩევნო ცვლილებები, ვითომდა საარჩევნო დარღვევების აღსაკვეთად. “ევროპული საქართველო” ამ ფარატინა ფურცელს მხარს არ დაუჭერს. ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ცვლილებები თავის სასიკეთოდ დაჩქარებული წესით შეაქვს.

“საარჩევნო კოდექსში ცვლილებები სუპერ დაჩქარებული წესით უნდათ, რომ გაიტანონ. დღეს უნდათ, რომ მეორე მოსმენამდე მიიყვანონ საქმე. ჩვენ არ მივცემთ კომფორტულად ყოფნის უფლებას,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბიუროს აქვს განსაზღვრული დღის წესრიგი,რომლის მიხედვითაც განახლდება მუშაობა.

“ბიუროს აქვს განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც იმუშავებს სესია და პარლამენტი. ამ სასესიო კვირაში განხილული იქნება აღნიშნული საკითხი,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები