2017 წელს საწარმოებში 47 ადამიანი დაიღუპა, 106 – დაშავდა

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა და 106 – დაშავდა. სახალხო დამცველის განცხადებით, 2017 წელს უმთავრეს გამოწვევად შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტიანი ორგანოს არარსებობა რჩება.
სახალხო დამცველი ანა ლომჯარია, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რომლითაც შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმი იქმნება.
„მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება, თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არ ენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოების აუცილებლობას.

 

მსგავსი თემები