“საქართველოში იანვრის ბოლოდან დღემდე 350 ათასი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური „პისიარ“ ტესტირების რიცხვი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად გვაქვს 4 830 „პისიარ“ ტესტირება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჯამში ჩატარებულია 350 ათასი „პისიარ“ ტესტი.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვაქვს ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ხუთი, 10, 15, 20-მდე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, რადგანაც ისინი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიერ კარგად იმართება. დროულად ხდება იდენტიფიცირება ყველა ახალი შემთხვევის და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური „პისიარ“ ტესტირების რიცხვი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად გვაქვს 4 830 „პისიარ“ ტესტირება. იყო დღეები, როდესაც იყო ხუთიდან ექვსი ათასამდე. მთლიანად ქვეყანაში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჩატარებულია 350 ათასი „პისიარ“ ტესტი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ასევე მან აღნიშნა, რომ ხვალ და ზეგ ძირითადად უმთავრდებათ საკარანტინო ვადა იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში.

„გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს რამდენიმე წერტილში, განსაკუთრებით ეს ხდება მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ხვალ და ზეგ ძირითადად უმთავრდებათ საკარანტინო ვადა იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში. მათ უმრავლესობას, 80-85 პროცენტს უკვე ჩატარებული აქვს განმეორებითი ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო და დატოვეს საკარანტინო სივრცეები. დარჩენილ 15-20 პროცენტს ხვალ და ზეგ ჩაუტარდება ტესტირება და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქაც უარყოფითი იქნება.

პარალელურად, ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60 % ხელმეორედ გაიტესტა. ჩვენ გვქონდა იქ შვიდი ადგილობრივი და ლენჯერთან დაკავშირებული ოთხი შემთხვევა განმეორებითი ტესტირებისას და ამ ადამიანებზე მიმდინარეობს სამედიცინო მეთვალყურეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები