ვინც ღარიბი იყო, მათი ბიუჯეტი არ გაზრდილა – დეპუტატი მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილმა რამდენიმე პუნქტით უკან გადაიწია, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობას იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე წინა წლებში.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა დღეს განაცხადა, მოსახლეობის ღარიბი ნაწილის შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ბანკების და ინფრასტრუქტურის ხარჯზე მოდიოდა.

მირიან წიკლაური იმედოვნებს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხედვები ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამ პრობლემას აღმოფხვრის და ქვეყანაში წახალისდება მცირე ბიზნესის განვითარება.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი საქართველოს მოსახლეობაში  აქტუალური აღარ არის.  ” როგორც ჩანს იმაზე მეტად გაუჭირდა მოსახლეობას ვიდრე წინა წლებში. სამუშაო ადგილები იმდენი ვერ შევქმენით, რამდენიც საჭირო იყო და როგორც “იუნისეფის” ბოლო კვლევა აჩვენებს, სიღარიბის დონემაც იმატა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი პრემიერის პოლიტიკა ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების  ხელისშემწყობი იქნება. მაინც ხდებოდა დიფერენცირება, ვინც ღარიბი იყო, მათი ბიუჯეტი მაინცადამაინც არ გაზრდილა. ეკონომიკის ზრდა ბანკების და ინფრასტრუქტურის ხარჯზე მოდიოდა. ყველას უნდა მივცეთ საშუალება ბიზნესი განავითაროს, განსაკუთრებით ხელი უნდა შევუწყოთ დამწყებებს და იმედია ეს პოლიტიკა მდგომარეობას სასიკეთოდ შეცვლის”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები