“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად” – კახა კალაძე

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავეთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თეთრიწყაროში, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ერთიანი პოლიტიკური გუნდი სწორედ ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანების მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში.

„ამ ერთობლივმა ბრძოლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიზნები რეალობად გვექცია – ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რეჟიმი და ჩვენი სამშობლო შეუქცევადი განვითარების რელსებზე დაგვეყენებინა, შეგვექმნა სახელმწიფო, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანი იქნებოდა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი მიეღო შემოსავალი, უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებს ადგას. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და საჭიროებს სახელმწიფოს თანადგომას.

„ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანის და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების დასახმარებლად. მე მახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თეთრიწყაროში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, სოფელ-სოფელ დავდიოთ, რამდენად რთული და მძიმე მდგომარეობა იყო. რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ.

გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, ვიდრე მაშინდელი ხელისუფლება. მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი ზეწოლა და შიში, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხეთ და მშვიდობიანი, არჩევნების გზით, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავეთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე ვსაუბრობდი განხორციელებულ პროექტებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, უამრავი პრობლემაა, რომელსაც თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები