“სასაცილოა დავით ბაქრაძე ამას რომ მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო” – თეა წულუკიანი დავით ბაქრაძის განცხადებაზე

ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ სასაცილოა დავით ბაქრაძე ამას რომ ახლა მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით წულუკიანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას ექნებათ პირობები, „სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად“.

„რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ სასაცილოა დავით ბაქრაძე ამას რომ მიხვდა ახლა და არ მიხვდა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი. არ ვიცი ამას რა ჰქვია“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა ჩოხატაურში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ.

მსგავსი თემები