700-ზე მეტი მტკიცებულება გვაქვს აგვისტოს ომზე, ამორგეთ თავი ბატონო გიგა – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, ანგარიში წარადგინა და  „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღებით მოესმინა მოხსენების ის ნაწილი, სადაც  საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე.

“აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ”, – მიმართა თეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას. 

იუსტიციის მინისტრმა ჩამოთვალა ყველა ის მტკიცებულებები, რომლებსაც ქართული მხარე რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს და რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

“სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს, იქნება ეს ჯარების განთავსება, თანამდებობის პირები დანიშვნა, სამხედრო ბაზების მშენებლობა, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, მოქალაქეების მასობრივი პასპორტიზაცია, რუსეთის კანონმდებლობის გამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ სხვა”, – აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მტკიცებულების სახით წარადგენს რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინი 2012 წლის საჯარო ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და რომ ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა ოსი სამხედროების გადამზადება და შეიარაღება. ასევე, კოკოითის 2006 წლის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ფაქტობრივად უკვე რუსეთის სუბიექტია. ინფორმაცია რამდენიმე რუსი პირის მიერ სამშობლოს ღალატის ბრალდებისთვის გასამართლების შესახებ, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყვნენ; სატელეფონო მიყურადებები, რითაც დასტურდება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები 2008 წლის 7 აგვისტოს, დილას, როკის გვირაბში შემოვიდნენ. იმავე დღეს, საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზი, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოდიან როკის გვირაბიდან და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ითხოვდა ეუთოს მონიტორინგის შეშვებას ცხინვალის რეგიონში. საჰაერო რადარის 7-12 აგვისტოს მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ რუსები სრულად აკონტროლებდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეს. 

“ასევე მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე ვამტკიცებთ, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს. 700-ზე მეტი მტკიცებულება გვაქვს, მათ შორის ვიდეო და ფოტო მასალა. რადარის მონაცემები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურების ჩანაწერები, სატელიტური სურათები, მოწმეთა ჩვენებები, მედიის მასალები და სხვა. ასევე მრავალი რუსული ტელევიზიის მიერ, მათივე საზიანოდ გავრცელებული ინფორმაციები. ჩვენ გაისად, რუსეთისთვის პესიმისტურ სურათს ველოდებით, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს. ეს ჩვენ გამოგვადგება, ასევე, ჰააგის სისხლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ, საქართველოში, ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებს, წულუკიანის ინფორმაციით, 70-ზე მეტი დარღვევის განაჩენი გამოვიდა, საიდანაც მხოლოდ ერთი ეხება 2012 წლის შემდეგომ ფაქტებს, ეს არის ვანო მერაბიშვილის საქმეზე. “დანარჩენი ყველა დარღვევა ეხება “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს, ადამიანის წამებისთვის, სამედიცინო დაუხმარებლობისთვის, ჩხრეკის ინსცენირებისთვის, ეს ყველაფერი ხდება წარსულთან დაკავშირებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში. 

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები