70-მდე ნივთიერებას შორის, რასაც კანაფი შეიცავს, მხოლოდ ორს აქვს სამედიცინო თვისებები – ლაშა კილაძე 

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივაციისა და ექსპორტის იდეას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ის ნეგატიურად არ აისახება საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და გააძლიერებს ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. აქვე, მკაცრად უნდა დაკონკრეტდეს თუ მცენარი კანაფის რომელი ჯიშის კულტივაციაზე საუბარია, რადგან იმ 70-მდე აქტიურ ნივთიერებას შორის, რასაც კანაფი შეიცავს, მხოლოდ 2 გამოიყენება მედიცინაში.

​როგორც ლაშა კილაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  კანონპროექტის მეორე ნაწილი, რომელიც პარლამენტს არ წარედგინა დასამტკიცებლად, შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას და ძალიან სწორი, კვალიფიციური და აუჩქარებელი განხილვა სჭირდება.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტთა ჯგუფებთან კონსულტაციები და მონაწილეობის სურვილს თავად ლაშა კილაძეც გამოთქვამს. მიაჩნია, რომ მარიხუანის კულტივაცია თავისთავად საფრთხეს შეიცავს, მაგრამ საჭიროა სწორი მიდგომების ჩამოყალიბება და რისკები გათვალისწინება. ამისთვის კი სახელმწიფო ხედვა უნდა არსებობდეს.

​როგორც ლაშა კილაძე აცხადებს, საჭიროა გაიმიჯნოს ტერმინები – სამედიცინო მარიხუანა და მარიხუანის მოხმარება და განმარტავს, რომ მცენარე კანაფის გარკვეული ჯიში შეიცავს სამედიცინო თვისებებით გამორჩეულ ნივთიერებას, ტეტრაჰიდროკანაბინოლსა და კანაბიდიოლს. ამათგან პირველი იწვევს თრობას, ხოლო მეორე ნივთიერება არ არის თრობის გამომწვევი. ორივე მათგანს თავისი ძირითადი ფუნქციების გარდა გააჩნია სამკურნალო თვისებებიც. ეს განსაკუთრებით ეხება კანაბიდიოლს, რომელიც გამოიყენება ბევრ ქვეყანაში რეგისტრირებულად დამზადებულ პრეპარატებში სხვადასხვა კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად, სხვა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული სისტემური გულყრები ბავშვთა ასაკში. ამ ნივთიერებაზე დამზადებული ორი მედიკამენტი რეგისტრირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

“ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ტერმინები – სამედიცინო მარიხუანა და მარიხუანის მოხმარება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მესამეა – სამრეწველო მარიხუანა. მცენარე კანაფის ძალიან ბევრი ჯიში არსებობს. არის ჯიშები, სადაც მარტო კანაბიდიოლი არის შედარებით დიდი რაოდენობით, ან ორივე ერთად. არის კიდევ მესამე ჯიში, რომელიც მხოლოდ სამრეწველო მიზნით გამოიყენება”, – აცხადებს ლაშა კილაძე და ვარაუდობს, რომ საქართველოს შემთხვევაში საუბარია სწორედ სამედიცინო მარიხუანის, კანაბიდიოლის შემცველი ჯიშების კულტივაციასა და გატანაზე, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მკაცრი რეგულაციების ფონზე არის განვითარებული.

“ძალიან ბევრი ქვეყანა, შიდა მკაცრი რეგულაციების ფონზე, ახდენს სამედიცინო მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტს. მაგალითისთვის ავიღოთ ისრაელი, რომელიც მკაცრი რეგულაციების ფონზე ახდენს კულტივაციას. საფრთხეები უნდა შეფასდეს ერთიანობაში, თუ პოზიტიური მომენტები აჭარბებს ნეგატიურს, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილება”, – აცხადებს ლაშა კილაძე.

მსგავსი თემები