7 ნოემბრის აქციის დარბევისთვის კაპიტანმა გიგაურმა 331 ადამიანს გადაუხადა პრემია – გოგა ხაინდრავა  

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაურის წინააღმდეგ, სასამართლოს დღეს დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენს, იმასთან დაკავშირებით, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის მონაწილე 331 ადამიანს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაუხადეს პრემიები და ყველა ამ დოკუმენტს ხელს კაპიტანი ეკა გიგაური აწერს.

​როგორც გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დაიწყონ მასალების მოძიება, თუ რას საქმიანობდა ეკა გიგაური 2007-2008 წლებში, როგორ აგებინებდა ტენდერებს თავის ნათესავებს.

“კაპიტანი გიგაურმა 2015 წელს მიჩივლა. მას პატივისა და ღირსების აყრასთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია. არასდროს გამივლია თავში აზრად ვინმესთვის პატივისა ღირსების აყრა, რაც მთავარია, ადამიანის რაღაც რომ აჰყარო, ის უნდა გააჩნდეს, სხვანაირად ეს შეუძლებელია. ეს ჯგუფი, ჩემის აზრით ცდილობს ჩამოყალიბდეს ჩრდილოვან მთავრობად და ლეგენდაა ის, თითქოს ეს ადამიანები უფლებების დაცვას ემსახურებიან”,- აცხადებს გოგა ხაინდრავა და დასძენს, რომ მას ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლითაც დაუმტკიცებს გიგაურს, რომ კაპიტნის წოდება ქართველი ხალხის გაუბედურებისა და 7 ნოემბრის აქციების დარბევისთვის მიიღო.

​მისივე ინფორმაციით, სამი წელია ეკა გიგაური სასამართლო პროცესზე არ ცხადდება და განაჩენის გამოტანა გაურკვეველი ვადით ჭიანურდება.

“გიგაურის წარსული იწყება “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვანო მერაბიშვილმა შეუქმნა მას არასამთავრობო ორგანიზაცია და გადაიყვანა უფლებადამცველად. კაპიტანი გიგაური ცდილობს, თავისი ოფისის წარმომადგენლები ფარად ამოიყენოს იმ ტყუილებში, რომლითაც მესამე წელია სასამართლოს და ქართველ საზოგადოებას კვებავს. მისმა იურისტმა განაცხადა, რომ თურმე კაპიტანმა გიგაურმა ეს პრემიები გასცა ბარისახოს 11 კაცისგან შემდგარი სასაზღვრო პუნქტის ერთ-ერთ ჯგუფზე. მაქვს არქივიდან ამოღებული საბუთები, სადაც საუბარია, მაგალითად, ახალციხის, წითელი ხიდის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ბარისახოს ყაზბეგის ჯგუფებზე. ჩვენ გვაქვს ბრძანება, სადაც ჩანს, რომ 7 ნოემბერს ყაზარმულ მდგომარეობაზე იყვნენ გადაყვანილი ეს ჯგუფები, ყველა ისინი მონაწილეობდნენ ქართველი ხალხის დარბევაში. მოვითხოვ სასამართლოზე რომ ეს კადრები იყოს ნაჩვენები, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს, რაში წაახალისა გიგაურმა ის ადამიანები. ეს არის ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს ბადრი ბიწაძე და ვანო მერაბიშვილი. ორივე არიან დაბარებულები სასამართლოში და მათ მოუწევთ დაადასტურონ, ან უარყონ საკუთარი ბრძანება”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ქმნიდა თავის მმართველობის 9 წლიან პერიოდში მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა მცირე კასტა, რომლების მიზანია, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა.

“ძალიან მალე პრემიერმა მექნება ფილმის, სადაც ნახავთ რას წარმოადგენენ ისინი რეალობაში. არც ერთი სიტყვა იქ ტყუილი არ არის. იმ საქმეებზე, რომლებიც სერიალ “ჰეროკრატიაში” მაქვს ნაჩვენები, დღეს განაჩენებია გამოტანილი”, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი თემები