კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცონო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება, ოთხი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთის ინფიცირების წყარო კი, უცნობია.

„ცხრა დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, სვანეთში. ოთხი შემთხვევა არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი გახლავთ შემოტანილი და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“,

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 216 ინფიცირებული რჩება, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. მათი განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთი გახლავთ – გუშინ გვყავდა შვიდი კრიტიკული პაციენტი, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის განიხილება როგორც მძიმე პაციენტი. ამიტომ, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის ექვსი. მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, გუშინ ჩვენ გვყავდა 31 დადასტურებული პაციენტი, ახალი პაციენტი ჩვენთან არ მოთავსებულა, გამოჯანმრთელდა ორი და დილის მონაცემებით 29 დადასტურებული პაციენტი გვყავს. ასევე, სამი მძიმე პაციენტი გვყავდა, მათგან ერთი აღარ განიხილება როგორც მძიმე და მისი მდგომარეობა უკვე საშუალო სიმძიმის გახლავთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვრჩება ორი მძიმე პაციენტი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები