“ვიმყოფები მხარეში, სადაც იციან სიტყვისა და საქმის ფასი, მხარეში, რომელიც სავსეა ისტორიით” – კახა კალაძე საგარეჯოში

ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

როგორც კალაძემ განაცხადა, კახეთი არის მხარე, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დააკლებს.

მისივე თქმით, აქ მცხოვრები ადამიანები წინაპრებისგან დატოვებულ სიწმინდეებსა და ღირებულებებს ყოველთვის დაიცავენ.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მთავრობის წევრებო, დეპუტატებო, დამსწრე საზოგადოებავ! ძალიან მიხარია, რომ დღეს, კახეთში, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში, თქვენთან ერთად ვიმყოფები, მხარეში, სადაც იციან სიტყვისა და საქმის ფასი, მხარეში, რომელიც სავსეა ისტორიით, ტრადიციებით, კულტურით, ბარაქიანი მიწით და თავისუფლებისმოყვარე ხალხით. კახეთი საუკუნეების განმავლობაში უამრავი შემოსევის, უამრავი დამპყრობლის მნახველია, დამპყრობლების, რომლებიც ცდილობდნენ, კახელი ადამიანისთვის წაერთმიათ ყველაზე ძვირფასი, თავისუფლება, სარწმუნოება და ის, რაც ამ ორ ღირებულებას ერთმანეთთან აერთიანებს – ქართული ვაზი. თუმცა, უამრავი მცდელობის მიუხედავად, ქართველი, კახელი ადამიანი ისევ ამუშავებდა მიწას, ისევ ადიდებდა უფალს და მსოფლიო დონის კულტურას ქმნიდა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ამ მხარეს ვერავინ, ვერასდროს ვერაფერს დააკლებს. აქ მცხოვრები ადამიანები ყოველთვის დაიცავენ წინაპრებისგან დატოვებულ სიწმინდეებსა და ღირებულებებს. დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი, მგონი ყველამ ძალიან კარგად იცის. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით – სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები