მესტია 112-მა მოქალაქემ დატოვა, ისინი სავალდებულო კარანტინს გაივლიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, დაბა მესტიაში გუშინ აღებული 800-ზე მეტი ნიმუშიდან 600-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, 200-ის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც თორიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღეს გამოსაკვლევად კიდევ 500 ნიმუში შეგროვდა.

„რადგან გამოვლენილი ტესტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებული იყო დაბა მესტიის მკვიდრი, ეპიდემიოლოგებთან ერთად, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, მასშტაბური კვლევები ჩაგვეტარებინა დაბა მესტიაში. აქ მუშაობდა რვა ჯგუფი, დანარჩენები კი მუშაობდნენ სხვა ლოკაციებზე. დღეს აიღეს 500-მდე ნიმუში, რომელთა პასუხები იქნება ხვალ ცნობილი. გუშინ აღებული 800-ზე მეტი პასუხიდან 600-ის პასუხი არის უარყოფითი, დანარჩენს ველოდებით“, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.

მისივე ცნობით, დღეს მესტიიდან გაემგზავრა 112 სტუმარი, რომელებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

„რაც შეეხება ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებს, აქ გვაქვს 23 სასტუმრო, რომლებიც გადაკეთდა კარანტინისთვის და განვათავსეთ 600-ზე მეტი ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ შტაბი მუშაობს გამართულად და ყველა სახელმწიფო რგოლი კოორდინირებულად ჩართულია პროცესში. მესტიაში არ გვაქვს სასურსათო და მედიკამენტების დეფიციტი. ჩაკეტილ ზონაში უპრობლემოდ გადაადგილდება სადისტრიბუციო მანქანები“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მსგავსი თემები