გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. წინასასამართლო სხდომის თარიღზე დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ მიეცათ არაგონივრული ვადა, რადგან პროცესის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა უკვე მტკიცებულებები უნდა გაცვალონ, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მათ მიეცათ თითქმის ცხრადღიანი ვადა, რათა ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად მტკიცებულებები მოიპოვონ.

რაც შეეხება ბრალდებულ არჩილ გაგნიძის დაცვის პროცესში სახაზინო ადვოკატის ჩართვას, როგორც მისი სხვა ადვოკატები ამბობენ, გაგნიძემ ეს დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტა და აცილება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ საქმე არსებით განხილვას გადაეცემა, რადგან პროკურორის თქმით, საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები.

ყაზარაშვილის თქმით, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ისაუბრებს საქმის მასალების გაუთქმელობიდან გამომდინარე, თუმცა, საქმეში არის დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმეების ჩვენებები, ასევე ახალი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა.

რაც შეეხება „ტოიოტა ქამრის“ მეექვსე მგზავრისთვის, ვასილ მახარაძესთვის ბრალის წარდგენას, პროკურორის თქმით, თუ იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მსგავსი თემები