“რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი – დავით ზალკალიანი” დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეოკონფერენციაზე “საქართველო და მისი სამეზობლო” ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

მან ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციაზე, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე.

“12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. უკვე 12 წელია, რაც საქართველო ომის მდგომარეობაშია. რუსეთი გამუდმებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამას თან ერთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული ახალი ტიპის ბერლინის კედლები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან.

რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, ეს საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ,”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ვიდეოკონფერენციაში “საქართველო და მისი სამეზობლო” აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მონაწილეობდნენ. მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რეგიონში მიმდინარე პროცესი.

მსგავსი თემები