სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ

საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ ექსპერტიზის შედეგებს, რომლის თანახმად დასტურდება, ბრალდებულის მიერ მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტი და პროკურატურას, საქმის მიმართ არაკვალიფიციურ მიდგომაში ადანაშაულებენ.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილმა განაცხადეს, გაუპატიურების ფაქტს უარყოფს მალხაზ კობაური, შესაბამისად ადვოკატები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.

​ადვოკატები დანაშაულში ორი და მეტი უცნობი პირის მონაწილეობაზე საუბრობენ, რასაც მათივე თქმით, პროკურატურა იგნორირებას უკეთებს.

” ნებისმიერ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ექსპერტიზის დასკვნა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, როგორ არის მოპოვებული ნიმუშები, დაშვებული იყო თუ არა რაიმე სახის დარღვევა. გამოძიების არასწორი მიმართულებით წასვლამ შეიძლება არასწორი შედეგი მოგვცეს. დარღვეულია მთელი რიგი პროცესუალური საკითხები. გამოძიება არ მუშაობს სხვა ვერსიაზე”, – აცხადებს ​​ვასილ მამულაშვილი.

​ადვოკატების ბრალდების მხარეს მტკიცებულებების არ გადაცემაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი 5 ტომიდან, პროკურატურამ დაცვის მხარეს მხოლოდ 60-70 გვერდზე განთავსებული დოკუმენტები გადასცა.

​ადვოკატების განმარტებით, ​როდესაც ბრალდების მხარე არ გადასცემს მტკიცებულებებს, ეს იწვევს სასამართლო სხდომაზე მათ დაუშვებლად ცნობას.

​​ყველა ადამიანს ბრალდების სიმძიმის მიუხედავად ესაჭიროება დაცვა. ბრალდებულს თავის დაცვის საშუალება უბრალოდ არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადვოკატის ჩართულობით გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წასულა. სხვა გარემოებები არსებობს, როდესაც დავიწყებთ მტკიცებულებების მოძიებას, ამის შესახებ ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას”, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

​მისივე თქმით, საქმეში ჩართვამდე შეხვდნენ მკვლელობაში ბრალდებულ კობაურს და მასთან რამდენიმედღიანი კონსულტაციები ჰქონდათ. ადვოკატები ამბობენ, რომ მის დაცვას საქმის ბოლომდე განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარი სმიტებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურის ინტერესებს ახალი ადვოკატები, ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილი დაიცავენ.

მსგავსი თემები