“მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე” – გიორგი გახარია

სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება, გადაადგილების გარკევეული შეზღუდვები იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სანამ ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება დაიწყებოდა, ელექტრონულად, დისტანციურად ჩაერთო უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს.

„იქ უკვე რაღაც გადაწყვტილებები იყო მიღებული. თუ აქამდე ეს გადაწყვეტილებები არ გაჟღერებულა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში ჩატარდება ბრიფინგი და ეს გადაწყვეტილებები იქნება გაჟღერებული. ჩვენ, სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკევეული შეზღუდვები იქნება, ისევე, როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედილი, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საპანიკო არაფერია.

„ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად, ეს იქნება მესტიაში სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება. სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას. სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში სრულად არის მობილიზებული საჰოსპიტალო სისტემა, რათა, თუ ინფიცირებულების გარკვეული რაოდენობრივი ზრდა გვექნება, წყნარად, მშვიდად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ასევე ვმართოთ ეს ციფრები. ასე რომ, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები