“გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მაორიტარობის კანდიდატის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა.

მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტრაგედიის აცილება, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში ყოფნასაც კი. 

“ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან და ასეთი ხელისუფალი გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები