„ტყის კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ – სულხან მახათაძის საპარლამენტო საქმიანობის შედეგები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საპარლამენტო მუშაობის შედეგებზე საუბრობს და იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო  ინიციატივებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკანონმდებლო ორგანომ მისი თანამონაწილეობით დაამტკიცა.

„საპარლამენტო ცხოვრება უდიდესი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რის წინაშეც ბოლო პერიოდში პანდემიამ არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიო დააყენა, საპარლამენტო საქმიანობის ბოლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. იცით, რომ  ვმუშაობ საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებში. ასევე ვარ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის და მთის ეროვნული საბჭოს წევრი.  ჩემთვის უდიდესი ნდობა და პასუხისმგებლობა იყო ის ფაქტი, რომ გასული წლის ბოლოს ამირჩიეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და ამ რანგში მოღვაწეობა, კომიტეტში, ფაქტიურად, მ/წლის დასაწყისიდან დავიწყე“ – აღნიშნავს მახათაძე.

რაც შეეხება  საკანონმდებლო ინიციატივებს, დეპუტატის შეფასებით, ასეთი არაერთია.  

„მნიშვნელოვანი იყო „ტყის კოდექზე“ მუშაობა, რომლის მიზანია ტყის მოვლა, მისი დაცვა და მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა და ეს მართლაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისათვის ამ სფეროში;

ასევე, კანონი „აკვაკულტურის შესახებ“, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი მეც გახლავართ. მოგეხსენებათ, რომ საქართველო როგორც ზღვისპირა ქვეყანა,  საკმაოდ მდიდარია მდინარეებით, წყალსატევებით, ტბებით და რაც საშუალებას გვაძლევს ქვეყანაში განვავითაროთ აკვაკულტურა. ეს ხელს შეუწყობს ახალი დარგის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, რისი რესურსი და პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია. აკვაკულტურის განვითარება ქართულ ეკონომიკაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წილს შეიტანს და, ბუნებრივია, დასაქმების კუთხითაც დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს.

პარლამენტმა მიიღო ჩემს მიერ  წარდგენილი  საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც ხელს უწყობს მოქმედი რეგულაციების დახვეწას. რადგანაც არსებული სანქციები არ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს, გარემოს დანაგვიანების კუთხით, რის გამოც იზრდება საჯარიმო სანქციები“ – ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა, დაგეგმილი მაქვს, ჩემი მუშაობის ანგარიში ამომრჩევლებს სექტემბერში წარვუდგინო.

მსგავსი თემები