საგარეო უწყება აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

„12 წელი სრულდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა  წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და სერიოზული საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მეტიც, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ. შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რუსეთი პანდემიის პირობებშიც აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ.

„შეშფოთებას იწვევს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა. მეტიც, გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების ფონზე, საოკუპაციო ძალები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლის – ზაზა გახელაძის დაჭრასაც არ მოერიდნენ, რომელიც დღემდე მათ უკანონო პატიმრობაში რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.

„დ. ბაშარულის, გ. ოთხოზორიასა და ა. ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს. ამ ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზების შეუზღუდავ წვდომას და უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმწვავესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გააზრებული არჩევანია მშვიდობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება. საქართველო განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მის ხელთ არსებული დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დეოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრას.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევის ნათელი მაგალითია ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყება მადლობას უხდის საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ, ასევე ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.

გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

მსგავსი თემები