2 წელია, გოგონა კომაშია – თაღლითი ექიმების მსხვერპლი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. დაზარალებული ოჯახის ადვოკატი მაია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” ექიმებს ოპერაციის გაკეთების დროს შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდათ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებს.

„ორი წელია, დაზარალებული ნათია ცირეკიძე კომატოზურ მდგომარეობაშია. მშობლები განადგურებულები არიან. მივესალმები, სახელმწიფო ბრალდებას, რადგან ბრალი წაუყენა იმ უკანონო ქმედებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო დასკვნა, სადაც ადასტურებს, რომ სწორედ იმ პირებს, ბატონ ყიფიანს, ლობჟანიძეს, ხოჭოლავას, ყველას დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან მათ არ გააჩნდათ ლიცენზია“, – განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმითვე, ჩატარებულია კიდევ 40 ოპერაცია და შესაბამისად, რისკის ქვეშ დადგა იმ 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

“ძალიან მნიშვნელოვანია და დაცვის მხარის მხრიდან გაჟღერდა, რომ ამ ოპერაციის შემდგომ, დაახლოებით 40 ოპერაცია ჩატარდა. შესაბამისად, რისკის ქვეშ დადგა იმ 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმედს ვიტოვებ, მოსამართლე მტკიცებულებების საფუძველზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ პირებს პატიმრობაში დატოვებს“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მსგავსი თემები