თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ.

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

მინისტრთან ერთად გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში – რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში – უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

მათივე ინფორმაციით, გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ტენდერი გარდაბნის ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის აგვისტოში  გამოცხადდა, ხოლო მშენებლობა 25 ოქტომბერს დაიწყო. გარდაბნის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 17 პირი. მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, ქარელსა და წყალტუბოში.

„გარდაბნის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. უახლოეს მომავალში ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო- სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა.

450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მსგავსი თემები